სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ავღანეთში საქართველოს დამატებითი სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა იმ ვითარებაში, როცა ევროპის ქვეყნებმა საკუთარი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, გაუმართლებლად მიაჩნია.
"უნდა ვმონაწილეობდეთ ავღანეთის მისიაში, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რამდენითაც წარმოდგენილი ვართ. ეს არის არაადეკვატური რაოდენობა შექმნილ ვითარებასთან შედარებით, ვითარება კი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ რთულია. რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურია და მორიგი აგრესიის ალბათობა - მაღალი. ამ ვითარებაში, ავღანეთში ჩვენი საუკეთესო ძალების ვაგზავნით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვერ გამოვიხმობთ და ვერ ჩავრთავთ თავდაცვით ოპერაციებში, ცხადია, ვასუსტებთ ჩვენს თავდაცვითუნარიანობას", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, ავღანეთში დამატებითი კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილმა დასავლეთის თვალში "ქულების" ჩაწერის მიზნით მიიღო.
"არც ჩვენი დემოგრაფიული ვითარება და ეკონომიკური შესაძლებლობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მომზადებული ჯარისკაცები, რაშიც ქვეყანა დიდ ფულს ხარჯავს, სხვა ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად გავუშვათ, როცა თავად ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. მესმის, რომ ისინი იღებენ გამოცდილებას, მაგრამ ის არაა იმ რისკებისა და საფრთხეების ტოლფასი, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებით წარმოიქმნება. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არავინ გვაძალებს, იქ მაინცდამაინც ათასი და ორი ათასი ჯარისკაცი გავაგზავნოთ. ეს ყველაფერი არის თავად პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რასაც მე ვუკავშირებ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს _ ამ ნაბიჯით ის დასავლეთის თვალში საკმაოდ სერიოზულ ქულებს იწერს. ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილებით დასავლეთი იქნება კმაყოფილი და გამოხატავს მადლიერებას", - განმარტა სამხედრო ექსპერტმა.
მისი თქმით, საკამათო თემაა ისიც, "რამდენად ვიღებთ იმ გამოცდილებას, რაც გვჭირდება".
"ძალიან ბევრ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთიდან ბრუნდება, კონტრაქტი უმთავრდება და ტოვებს სამხედრო სამსახურს, ანუ ფაქტობრივად, ამ გამოცდილებას ვკარგავთ. ისინი სახლში მიდიან და სხვა საქმით კავდებიან, რადგან შეიარღებულ ძალებში, ჩემი აზრით, არ არის ის გარემო და სიტუაცია, სადაც სამხედროები მოტივირებულნი არიან გააგრძელონ თავიანთი კარიერა და წინ წავიდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში", - დასძინა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ავღანეთში დამატებით კონტიგენტს გაგზავნის. საუბარია მისიაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირების ჩართვაზეც. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის აღნიშნული ინიციატივის პარალელურად, ავღანეთიდან რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.