12 თებერვლისთვის დაგეგმილი "რისხვის დღის" აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მიტინგში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
აქციის ორგანიზატორები ღია მიწვევას ინტერნეტშიც განათავსებენ. მოძრაობა "მარცხენა ფრონტის" კოორდონატორმა სერგეი უდალცევმა აღნიშნა, რომ ყოფილ მერს შეეძლება, აქციის დროს დედაქალაქის მოსახლეობას თავისი უდანაშაულობის შესახებ არგუმენტები წარუდგინოს. ამასთან, ფედერალური ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებაც გააცხადოს.
"თუ იური ლუჟკოვს მსგავსი მტკიცებულებები არ ექნება, მას თავისი დანაშაულის საჯაროდ აღიარებას შევთავაზებთ", _ აღნიშნა უდალცევმა.
შეგახსენებთ, 18-წლიანი მმართველობის შემდეგ, იური ლუჟკოვს ქალაქის მერის პოსტი 2010 წლის სექტემბერში დაატოვებინეს. მის გათავისუფლებას საინფორმაციო საშუალებებში მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უძღოდა. ლუჟკოვის გადადგომის შემდეგ მისი მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დარღვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.