საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აღნიშნული შეთანხმება გასულ კვირას პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე იყო წარდგენილი.
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მომსახურების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის საავიაციო ბაზრის მოთხოვნებზე, ასევე საავიაციო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხორცილდება.
ამასთან, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ავიაგადამზიდებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება მიეცემათ არა მხოლოდ მხარეთა ტერიტორიებს შორის, ასევე მესამე ქვეყნებში, დამატებითი კომერციული უფლებების გამოყენებით (ე. წ. ჰაერი მეხუთე თავისუფლება).
აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვის არეალის გაფართოებასა, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.