საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნებთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ევროპულ აეროპორტებში გზა ეხსნებათ. ამის სანაცვლოდ, საქართველომ ორი წლის განმავლობაში კანონმდებლობა ევროპის საავიაციო კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.
"აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ბაზრის თავისუფლებას და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.