ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას დევნილების უფლების დარღვევასა და არათანმიმდევრულ პოლიტიკაში ადანაშაულებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა აღნიშნა, ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ხელისუფლებამ დევნილები ისე გამოასახლა და გადასახლა, რომ გაფრთხილება მხოლოდ 10 საათით ადრე მისცა.
დეპუტატისთვის გაუგებარია მთავრობის მიერს დევნილებისთვის გარემონტებული ფართების ჯერ გადაცემა და მერე იქიდან ძალის გამოყენებით გამოყრა.
"ვაზისუბნის დასახლებაში, 165-ე საბავშვო ბაღში, სადაც კოდორის ხეობიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობდნენ, მთავრობამ ჯერ გაარემონტა და საცხოვრებლად ყველა პირობა შექმნა. სახელმწიფო ხარჯების გაწვევის შემდეგ მოულოდნელად დევნილები ბაღის შენობიდან გამოყარეს, რაც გაუგებარია", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, დღეისთვის რამდენიმე ასეული ოჯახი გამოსახლების გამო კვლავ უსახლკაროდ დარჩა და ამ დრომდე ელოდება სახელმწიფოსგან დახმარებასა და თავშესაფარს.