საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იგლ ჰილსის“ პროექტს მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს და პრემიერ-მინისტრის პირადმა განმარტებებმაც ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა.
პაპუაშვილის თქმით, პრემიერის განცხადებამ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველა მითი და დეზინფორმაცია დაამსხვრია.
„ამ საერთო, რამდენიმედღიან საინფორმაციო შტურმში გავიგეთ, რომ ბრიუსელი და „ალტ ინფო“ ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ვხედავთ, რომ ბრიუსელისგან მხარდაჭერილ „ენჯეოებს“, პოლიტიკოსებს და „ალტ ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი, რაც დამაფიქრებელია. მგონი, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს, როგორ ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების იძულებისთვის მისი მფარველობის ქვეშ მყოფი „ენჯეოები“, თუ პარტიები, მზად არიან, საკუთარ არსენალში, ქსენოფობიაც კი, როგორც იარაღი, გამოიყენონ. ეს არის ზუსტად ის ღირებულებითი კრიზისი, სადაც ბრიუსელი არის შესული და რომლიდან გამოსვლის გარეშეც, რთულია, ვისაუბროთ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც წესით, უნდა მიჰყვებოდეს ბრიუსელის ბიუროკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ხელშეკრულების გასაჯაროების საკითხს, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კომერციული, საინვესტიციო პროექტები სრულად არ საჯაროვდება არცერთ ქვეყანაში.
„მეორე – საუბარი არის ხელშეკრულებაზე, რომლის ყველა საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ყველამ ისაუბრა. რაც შეეხება გასაჯაროებას, აგერ წარმოდგენილია „ტვ პირველი“, ხაზარაძის ტელევიზია და იქნებ, თქვენს დამფინანსებელთან იკითხოთ, თუ არის გასაჯაროებული ანაკლიის ხელშეკრულება, რომელზეც დაყრდნობითაც ცდილობდა შემდეგ თაღლითურად მილიარდ-ნახევრის ამოღებას საქართველოს ბიუჯეტიდან. იქნებ მოიკითხოთ, თუ არის და რატომ არ არის გასაჯაროებული? ესეც მარტივი სპეკულაციაა.
არცერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან არის კომერციული პროექტი, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არცერთ ქვეყანაში, მათ შორის არც საქართველოში. რაც შეეხება ხელშეკრულების დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანი, საინტერესოა საზოგადოებისთვის, ყველა ამ დეტალთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია პირადად პრემიერისგანაც გაიგეთ. ყველა საკითხზე, რაც შეიძლება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, პასუხი გაცემულია. ასე რომ, აქაც იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია.
კიდევ ერთხელ ვისმენდით სპეკულაციას, მათ შორის ბრიუსელის მფარველობის ქვეშ მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისგან, ზოგიერთი საბანკო სისტემაში მომუშავე ხალხი იყო. ან კალკულატორი ეშლებათ, ან ვერ ერკვევიან საერთოდ იმ სფეროში, რომელზეც ამბობენ, რომ მათი პროფესიული სფეროა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რა სარგებელს მოუტანს „იგლ ჰილსის“ პროექტი ქვეყანას.
„რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 6.5 მილიარდია მოცულობა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც განმარტა, რა სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს. პირველ რიგში, ეს იქნება შენატანი ეკონომიკაში. ჩვენი ეკონომიკა ისედაც მაღალი ზრდის ტემპებითაა, ამას დაემატება კიდევ მარტო ამ ინვესტიციიდან დაახლოებით 2 პროცენტამდე წლიური ზრდა. შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი, არაპირდაპირი გავლენით ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე. მეორე – 33.1, ამ პროექტიდან მიღებული მოგებიდან პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში წავა და ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება. მესამე – ეს არის ევროპული სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება თბილისსა და ბათუმის შემოგარენში. ეს არის უმაღლესი, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების. ნახეთ, მათ შორის ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი, ბელგრადში განხორციელებული პროექტი და მგონი, იქ ვერ აღმოაჩინეთ რაღაც უცხოტომელების ჩასახლებები. ასევე, რიგაში, ლატვიაში, ბელგრადში თუ შეიძლება, სხვა ქვეყნებში თუ შეიძლება, ჩვენ რატომ გვიშლიან ბრიუსელიდან კარნახით და დაფინანსებით ეს ადამიანები, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს. სინამდვილეში, პასუხი მარტივია. ნახეს, რომ გარედან პოლიტიკური ზეწოლით და დეზინფორმაციით, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა, რასთან და ვისთან აქვს საქმე. ახლა კი ცდილობენ, ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ამით საზოგადოებაში რაიმე უკმაყოფილება გამოიწვიონ. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა საქართველოზე, რომელიც მართულია გარედან. რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში ერთდროულად გარე ძალებს ჩართული ჰყავთ „ალტ ინფოც“ და ე.წ. პროევროპული ძალებიც. „ალტ ინფო“ და პროევროპულები დაძმობილდნენ და ქსენოფობიურ კამპანიას ეწევიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.