საქართველოს პარლამენტის წევრები მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა გიორგი გოგუაძემ და ხათუნა გოგორიშვილმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირზე, რომელიც საკანონმდებლო დონეზეა მოწესრიგებული.
დელეგაციის წევრებმა კი აღნიშნეს, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტს შორის წარსულში არსებული აქტიური თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ მართალია შესუსტდა, მაგრამ ისინი დღევანდელ ვიზიტს განიხილავენ, როგორც ორმხრივი კავშირების აღდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.
მათ ქართველ კოლეგებს საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივებისა და წამოწყებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და იმედი გამოთქვეს, რომ მათ განხორციელებაში ქართველი კოლეგებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას, ვინაიდან საქართველოს განიხილავენ როგორც რელიგიის, ისე გეოპოლიტიკური კუთხით, მნიშვნელოვან ქვეყნად.
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სამდღიანი ვიზიტით 7 თებერვალს ეწვია. დელეგაციაში არიან საბერძნეთის, პალესტინისა და ბელორუსიის წარმომადგენლები. ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც 7 წელია არსებობს, 20-მდე ქვეყანაა გაერთიანებული, შტაბბინა კი ათენშია.
ოფიციალური შეხვედრების გარდა, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრები ეწვევიან მცხეთას, დაათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში.
დელეგაცია საქართველოს 9 თებერვალს დატოვებს.