დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მავნე პრაქტიკის დანერგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მავნე პრაქტიკა დანერგა და სხდომებს ისეთ დარბაზში ატარებს, სადაც შესვლა არათუ ჩვეულებრივი მოქალაქეების, პარლამენტის წევრებისთვის კი შეუძლებელია.
"საქალაქო სასამართლოს სხდომები საჯარო და სახალხო უნდა იყოს, მაგრამ ამ ბოლო დროს მავნე პრაქტიკა დაინერგა და გახმაურებულ პროცესებს ისეთ დარბაზებში ნიშნავენ, რომელსაც საჯარო შესასვლელი არ აქვს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მან მაგალითად 4 თებერვალს ვეტერანების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო პროცესი დაასახელა და აღნიშნა, რომ 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დარბაზში შესვლას.
"სამარცხვინო და ვანდალური დარბევის შემდეგ დაკავებული ვეტერანების სასამართლო პროცესი მოსამართლე თეა გაბაშვილმა კანონდარღვევით ჩატარა, როდესაც მან უარი თქვა სასამართლო პროცესის საჯაროობაზე", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.