"თავისუფალი დემოკრატები" პატიმართა გრძელვადიანი პაემნების შესახებ ალტერნატიული წინადადებებით გამოდიან.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ არასრულწლოვან პატიმრებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, დარჩეთ კოდექსით გათვალისწინებული წელიწადში 5 (4+1) გრძელვადიანი პაემნის უფლება და პაემნის ხანგრძლივობა შენარჩუნდეს 48 საათის ფარგლებში, ხოლო პატიმარ ქალებს მიენიჭოთ წელიწადში არა 3 (2+1), არამედ 4 გრძელვადიანი პაემნის უფლება (3+1)", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, კანონპროექტში არ არის დაზუსტებული, რომ პაემნის ოთახში უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები და იქ არსებული პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
"ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხების კანონით უზრუნველყოფა აუცილებლად მიგვაჩნია. დღეს ახლად გახსნილი შენობა რამდენიმე ხანში შეიძლება აღარ აკმაყოფილებდეს სტუმრის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და მსჯავრდებულს და მის ნათესავს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მოცემული უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ. კანონპროექტი არ აზუსტებს, თუნდაც ზოგადი ფორმით, თუ როდის შეიძლება შეწყვიტოს ადმინისტრაციამ პაემნის მიმდინარეობა და რა მიზეზით, რათა ერთი მხრივ, დაცული იქნეს როგორც სტუმრის, ასევე პატიმრის უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ციხის ადმინისტრაციას არ ჰქონდეს უფლება, სუბიექტური მიზეზები მოიშველიოს ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად", - განმარტა მან.
"თავისუფალი დემოკრატების" ეს შენიშვნები მიიღებს ალტერნატიული წინადადებების სახეს და პარლამენტის რეგლამენტის დაცვით, მათი გათვალისწინების მოთხოვნით კანონმდებელს წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი იხილავს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებითაც ხანგრძლივი პაემნის უფლება ეძლევათ სრულწლოვან პატიმრებს (როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს), ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.