ძნელია იყო იმ ხელისუფლების ოპონენტი, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს აგვარებს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.
კუბლაშვილმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ ოპოზიციის გამოსვლებს არ აჰყვნენ, რადგან არ არსებობს მმართველი გუნდის მიერ გამოტანილი კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიცია არ გააპროტესტებს და არ დაიწუნებს.
"თავისი გამოსვლებით ოპოზიციას უნდა აჩვენოს, რომ ისინი ყველზე კარგები არიან, ხალხზე ზრუნავენ, რომ საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებს. ამასთან, გეთანხმებიან, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ქვეყანაში კრიმინალური ვითარება, მაგრამ აქვე აშფოთებთ ის ფაქტი, რომ თურმე ციხეებში პატიმრების რაოდენობა იზრდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას განუმარტა, რომ პატიმართა რაოდენობის გაზრდა ქვეყანაში კრიმინალების შევიწროვების ხარჯზე მოხდა და რომ არა დამნაშავეების შევიწროვება დღეს საქართველოში ისეთივე ვითარება იქნებოდა, როგორც 90-იან წლებში.
მისივე თქმით, ხელისუფლება და მმართველმა ძალამ რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიცია ყოველთვის არაადეკვატურად ხვდება და ამის მაგალითად ვიდეოპაემნები მოიყვანა.
"როდესაც ვიდეოპაემნების შემოღებაზე ვმსჯელობდით, ოპოზიცია გვაბრალებდა, რომ ეს კანონპროექტი იმიტომ შემოვიღეთ, რომ გრძელვადიანი პაემნები აღარ იქნებოდა. ახლა კი როდესაც გრძელვადიან პაემნების დროზე ადრე დაწყებაზე ვმსჯელობთ ესეც არ მოსწონთ. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია იმ ხელისუფლების ოპონენტი იყო, რომელიც ქვეყანაში პრობლემებს აგვარებს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.