ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში ავტოკატასტროფის შედეგად სამი კატარელი დიპლომატი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters ორ ეგვიპტელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, იყვნენ თუ არა დაღუპულები მოლაპარაკებებზე კატარის დელეგაციის წევრები, რომლებმაც ეგვიპტელ შუამავლებთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშეს ისრაელსა და ჰამასს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევაში.
ორშაბათს, 13 ოქტომბერს, შარმ ელ-შეიხში 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერის მონაწილეობით გლობალური სამიტია დაგეგმილი.
შეხვედრის მიზანია ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
კატარი ამ მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი მთავარი შუამავალია.
მანამდე დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ეგვიპტეში შეხვდება „ბევრ ლიდერს“, რათა განიხილონ ღაზის მომავალი და სამშვიდობო გეგმის შემდეგი ნაბიჯები.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად 10 ოქტომბერს, შუადღისას ამოქმედდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰამასთან“ ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, მათ ჯარები შეთანხმებულ განლაგების ხაზებზე გაიყვანა.