ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ყველა განცხადებაში ჩანს მხოლოდ ერთი გრძნობა - შიშის გრძნობა. 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა უნდა ვუთხრათ, რომ არ გავრუსდებით და ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების დღეს! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ აქციის დემონიზება.
“ივანიშვილის, “ქართული ოცნების” ყველა ე.წ ლიდერის ყველა განცხადებაში, ყველა ბრიფინგში, ყველა წერილში გამოსჭვივის ერთადერთი გრძნობა და ამას ჰქვია შიშის გრძნობა. მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის, ძალიან ეშინიათ გაბრაზებული ქართველი ხალხის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯერ არასერიოზულად ეკიდებოდნენ 4 ოქტომბრის რევოლუციას, არასერიოზულად ეკიდებოდნენ მის ლიდერებს და ლევან ხაბეიშვილის მიმართ როგორი ნიაღვარი იყო შავი პიარის ყველანი ვხედავდით და ახლაც ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ამ აქციის დემონიზება და გაშავება, მაგრამ მიხვდნენ, რომ არ გამოუვიდათ, მიხვდნენ რომ ვერცერთმა მათმა უწყებამ - სუს-ი იყო, მათი პროპაგანდისტული მედიები იყო, შედეგი ვერ გამოიღო მათმა მუშაობამ და იციან, რომ 4-ში რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული, გამწარებული, შეურაცხყოფილი ადამიანი და მათ ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში მათ არ დაედგომებათ, ეს ქვეყანა იქნება რუსეთი და ვისაც გინდათ წადით ამ ქვეყნიდანო. საქართველო ქართველების გარეშე - აი ამას ეუბნებიან და ეს არის ერთი დიდი რუსული ოცნება, რისთვისაც გამოაგზავნა პუტინმა ივანიშვილი და გამოატანა ორი მილიარდი. არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატო-ში შეეყვანა, არამედ გავმხდარიყავით რუსეთი და დიახ, 4 ოქტომბერი არის ის ზღვარი, გადამწყვეტი დღე, ისტორიული დღე, როდესაც ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, “ოცნებას” - არა, რომ ქართველები არ გავრუსდებით , საქართველო არ იქნება პატარა რუსული სოფელი, საქართველო იქნება ერთიანი, ბედნიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს ექნება ღირსეული სამუშაო და ანაზღაურება, ღირსეული პენსია, საუკეთესო განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ევროპული ქვეყანა და აღმშენებლობას 5 ოქტომბრიდან დავიწყებთ, აქ იქნება სამართლიანობის ზეიმი, კეთილდღეობის ზეიმი, დემოკრატიის ზეიმი და 4 ოქტომბერს ყველა ქართველმა ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების დღე, რადგან ეს არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის, არცერთი პოლიტიკური ლიდერის აქცია, ქართველი ხალხი მოდის, ქართველი ხალხი იმარჯვებს.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ