კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძისთვის ბურების საქართველოში ჩამოსახლების მიზანი გაუგებარია.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბურები ქართველ გლეხობას სოფლის მეურნეობას ასწავლიან, ეს აბსოლუტური იდიოტიზმია. თუ მაინცდამაინც აუცილებელია მათი ჩამოყვანა, შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ არა 40 ათასი, არამედ ხუთი კაცი და აგვიხსნან, რისი ახსნაც შეუძლიათ", _ აცხადებს არეშიძე.
მისი აზრით, ბურების ჩამოყვანის რეალური მიზეზი პოლიტიკურია, რადგან ბურები საკმაოდ გავლენიანი ეთნოსია არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ ევროპაშიც.
"პოლიტიკურ ჭრილში თუ გავიაზრებთ ბურების ჩამოსახლებას, მივხვდებით, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს, ევროპელების მოსაწონად ნაბიჯი გადადგას. განსაკუთრებით ეს შეეხება ჰოლანდიელების, გერმანელებისა და ფრანგების თვალში ქულების დაწერას", _ აღნიშნავს ექსპერტი.