ქრისტიან-დემოკრატები, გიორგი ახვლედიანი და ინგა გრიგოლია, წყნეთის დასახლებაში, დევნილებს, გოგიების ხუთშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და მთავრობის 854-ე განკარგულება გააცნეს, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ფართის დამტკიცების ან 10 ათასი დოლარის ოდენობით კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებულ პირებს ყველა ეკონომიკური დახმარება შეუწყდებათ.
როგორც "ქდმ" აღნიშნავს, ეს ინფორმაცია გოგიების ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, დღეს არსებული შეღავათების გაუქმება ოჯახისთვის, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს, ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დაყენებას ნიშნავს. საუბარია ერთ სულზე 22-ლარიან დახმარებაზე, 100 კილოვატი ელექტროენერგიისა და 1 კუბური მეტრი შეშის უფასოდ მიწოდებაზე.
"განსახლების პროცესის დასრულების შემდეგ დევნილს მხოლოდ სტატუსი დარჩება, რაც ხელისუფლებას საგარეო მოხმარებისთვის სჭირდება. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ მთავრობის განკარგულების შეცვლას. ეკონომიკური შეღავათები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოეხსნას დევნილს, თუ მას დაასაქმებენ და სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფენ. ამ მოთხოვნას აუცილებლად დავაყენებთ პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე", - განაცხადა ახვლედიანმა