ერგნეთში ხუთმხრივი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პირველი საკითხი, რომელიც თბილისის დელეგაციამ დასვა, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების განთავსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა, თუმცა საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, რუსული მხარისგან პასუხი ვერ მიიღეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს 12 მოქალაქის გათავისუფლების საკითხიც, თუმცა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა არც ის გაიზიარეს.
საუბარი შეეხო ასევე რეგიონის მილიტარიზაციის საკითხს და ბოლო თვე-ნახევარში რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ასევე ახალგორის გაზით მომარაგებას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მხარეები წელს პირველად შეიკრიბნენ. შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალიდან 2 კილომეტრის დაშორებით გაიმართა.
შეხვედრას პირველად დაესწრო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ლიტვიდან.
შემდეგი მოლაპარაკება მარტში გაიმართება.