აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა შემოუთვალა.
მოკითხვა ბაიდენმა ქართველ პოლიტიკოსებს დააბარა, რომლებიც გუშინ, ვაშინგტონში საუზმის ფორმატში გამართულ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ყოველწლიურ შეხვედრას ესწრებოდნენ.
"ჩვენ ხანმოკლე შეხვედრა გავმართეთ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და მას კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მანაც დაგვაბარა მოკითხვა საქართველოს პრეზიდენტთან", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრას წერეთლის გარდა, პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდნენ.
საუზმის ფორმატით კონგრესმენებისა და სენატორების შეხვედრა ყოველი წლის თებერვლის პირველ ხუთშაბათს იმართება. მის მიზანს პოლიტიკური მოსაზრებების გაცვლა წარმოადგენს. ეს ასეთი ტიპის 59-ე ღონისძიება იყო.