საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გამართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე პოლონელ კოლეგას, რადოსლავ შიკორსკის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი.
მხარეებმა ასევეისაუბრეს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გასულ წელს მიღწეული პროგრესის მნიშვნელობაზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონში შექმნილ მდგომარეობას და არსებული ვითარების მშვიდობიანი გზებით დარეგულირების აუცილებლობას. საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებსაც.
გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს უახლოეს მომავალში მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას პოლონეთის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის და თავის მხრივ ის ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა.