ხვალ, 4 თებერვალს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" უმასპინძლებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აქტუალურ საკითხებზე ორგანიზებულ დისკუსიას, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები დაესწრებიან.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში და მას პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინთერი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე გახსნიან. შეხვედრა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ადვოკატებს უკეთ გაანალიზონ ახალი საპროცესო ნორმები და დახვეწონ თავიანთი პრაქტიკა მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მტკიცებულებები და მტკიცების საგანი, შუამდგომლობები, საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, განაჩენის გასაჩივრება, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ძალაში 2010 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა. კოდექსი აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე და მნიშვნელოვნად ზრდის ადვოკატის როლს როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე. ადვოკატს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაატაროს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები; გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს; ბრალდების მხარესთან თანაბარ რეჟიმში მონაწილეობა მიიღოს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში და სხვა.