"სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ" სათათბირო ორგანოს - დარბაზის მეორე სხდომა გამართა.
სათათბირო დარბაზის მეორე სხდომაზე დარბაზმა კოპტაციის წესით დაიმატა 10 წევრი, რომელთაც რეკომენდაცია თბილისისა და რეგიონალურმა "სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა" გაუწიეს.
სახალხო კრების სათათბირო დარბაზს ირაკლი ბათიაშვილმა წარუდგინა აღმასრულებელი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში 8 დეკემბრიდან დღემდე.
სათათბირო დარბაზმა დაამტკიცა "შეფიცულების წესი". "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის თქმით, "შეფიცულის წესი" გულისხმობს, იმას რომ საქართველოს მთავრობამ უკანონო დევნა არ განახორციელოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამ შეხვედრამ ნათლად დაადასტურა, რომ კრების მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. საინტერესო დისკუსია გაიმართა. შეფიცულთა და თავდაცვის ჯგუფები მუშაოებენ, რომ აღიკვეთოს ხელისუფლების მხრიდან თავისი მოქალაქეების დევნის ფაქტები", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ უნდობლობის ვერდიქტის ამოქმედებას.