ხვალ, 4 თებერვალს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ოსური მხარე, მათი მტკიცებით, ქართველების მიერ დაკავებული რუსი მშენებლის საკითხს დააყენებენ.
"საუბარია რუსეთის მოქალაქე გვარად ხურატოვზე, რომელიც საქართველოში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. უნდა გავარკვიოთ, რას ბრალდება აქვს მას წაყენებული და რა პირობებში იმყოფება იგი", _ განაცხადა მოლაპარაკებებზე ოსური მხარის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა.
მისი თქმით, სეპარატისტები შეხვედრაზე ასევე დააყენებენ საქართველოს მოქალაქეების საკითხს, რომლებიც ე. წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ჰყავთ დაკავებული და რომლებსაც ხშირ შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ.
"საქართველო ხან გვიდასტურებს და ხანაც საერთოდ პასუხს არ გვცემს ჩვენს მოთხოვნაზე, დაგვიდასტუროს ჩვენ მიერ ამა თუ იმ დაკავებული პიროვნების ვინაობა. ამიტომაც მათი გამოძევების ვადები დროულად ვერ სრულდება", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ შეხვედრაზე ასევე დააყენებენ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებისა და ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხს.