საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2012 წლის ივნისში დასრულდება.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "პატიმრობის კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გრძელვადიანი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარე წელს გაგრძელდება და ყველა საპატიმროში სამვარსკვლავანი სასტუმროს ტიპის შენობები აშენდება, სადაც ყველა პირობა შეიქმნება, რომ პატიმარმა და მისმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
"გრძელვადიანი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას ჩვენ დასავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დავიწყებთ და სრულად მათი მშენებლობა 2012 წლის ივნისში დასრულდება", - აღნიშნა კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე დასრულდა.
პატიმრებს საშუალება მიეცემათ 24 საათი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ, რომლის საფასურიც 60 ლარი იქნება.