ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველ სამართალდამცველებს თურქეთის მოქალაქე ჩაბარდა, რომელიც აფხაზეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა.
1970 წლის 1 სექტემბერს, ქ. სამსუნში დაბადებული აიდინ რაჰმის ძე ჰუსეინის ჩვენებიდან გაირკვა, რომ იგი 2009 წლის ოქტომბერში ახლობლის აბდულა შაინის რჩევით ქ. სოჭში გეგმავდა ჩასვლას, სადაც უნდა შეხვედროდა ვინმე სუფის, რომელიც ასევე წარმოშობით თურქია. ეს პირები ჰუსეინს აფხაზეთში სამუშაოდ გადაყვანას პირდებოდნენ, სადაც აფხაზებისთვის თევზჭერა უნდა ესწავლებინა, საფასურად კი ერთი თვის გასამრჯელოდ 1100 ა.შ.შ დოლარი უნდა აეღო.
ამ მიზნით აიდინ ჰუსეინი 2009 წლის 8 ნოემბერს ჩავიდა ქ. სოჭში, სადაც დახვდნენ ზემოთ ნახსენები სუფი და აფხაზეთში მცხოვრები ვინმე თემური. იმავე დღეს იგი გადაიყვანეს ქ. ოჩამჩირეში, სადაც დაახვედრეს მწყობრიდან გამოსული თევზსაჭერი გემი, რომელიც ჰუსეინს შეაკეთებინეს, ასევე დაამზადებინეს თევზსაჭერი ბადე. მიუხედავად ამისა, გემი ზღვაში გასასვლელად უვარგისი აღმოჩნდა და ჰუსეინმა გემზე მუშაობაზე უარი თქვა, რის გამოც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასტიკად ცემეს და გასამრჯელო თანხაც არ გადაუხადეს. ამის შემდეგ თურქეთის მოქალაქე აიდინ რაჰმის ძე ჰუსეინი აფხაზებმა წაიყვანეს ოჩამჩირეში მომუშავე სხვა თურქებთან, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ასევე იძულებით მუშაობენ და ჰუსეინიც მათთან დატოვეს. ჰუსეინის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ესენი არიან თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც აფხაზეთში საკუთარი გემი ჰყავთ ჩაყვანილი და გემთან ერთად იძულებით არიან დარჩენილი. მათთან ჰუსეინმა დაახლოებით 10 დღე იცხოვრა, შემდეგ 36 ა.შ.შ დოლარი შეუგროვეს და ურჩიეს გაქცეულიყო.
აიდინ ჰუსეინმა 2009 წლის 26 ნოემბერს ოჩამჩირეში ტაქსი იქირავა და ასე მოაღწია ენგურის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. შემდეგ გააჩერა სამარშუტო ტაქსი და სწორედ ამ დროს ჩაბარდა იგი ქართველ სამართალდამცველებს. აიდინ ჰუსეინი აცხადებს, რომ იგი ქართულ მხარეს დახმარების სათხოვნელად გადმოდიოდა. მისი ჩვენებიდან გაირკვა, რომ აფხაზეთში კიდევ დაახლოებით 20-25 თურქი მოქალაქეა დატყვევებული, რომლებიც იძულებით მუშაობენ და აფხაზი მოძალადეებისგან გაქცევას ვერ ახერხებენ.
2009 წლის 26 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება აიდინ ჰუსეინის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, სადაც ა. ჰუსეინი ცნობილი იქნა დაზარალებულად და დაკითხვისას სრულად დაადასტურა ზემოთ მოყვანილი გარემოებები.
`ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თურქეთის მოაქლაქეს აიდინ ჰუსეინს განემარტა ისარგებლოს მსხვერპლის სტატუსით და მოთავსებული იქნას შესაბამის თავშესაფარში, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 მუხლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა დასჯადია და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მუხლი აიდინ ჰუსეინს არ შეეხება, რადგან საქართველოს კანონმდებლობით სსკ 3221 მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის გამო.
საქართველოს სსკ 3221 მუხლის შენიშვნიდან გამომდინარე, ვინაიდან ა. ჰუსეინი ცნობილია დაზარალებულად, მის მიმართ არ განიხილება საქართველოს სსკ 3221 მუხლით გათვალისწინებული სასხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.