გაერო საქართველოს 163 რეკომენდაციას აძლევს. რეკომენდაციები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს ეხება (როგორც ჟურნალისტებთან, ისე დევნილებსა და პატიმრებთან მიმართებაში) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში გამართულ მე-10 სესიაზე, 1-ელ თებერვალს დაამტკიცა.
რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, 163 რეკომენდაციიდან ქართულმა მხარემ ნაწილი გაიზიარა, 5 რეკომენდაციის შესრულება სხდომაზევე გამორიცხა, 62 რეკომენდაციასთან დაკავშირებით კი მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, რაც მას 2011 წლის ივნისამდე მიეცა.
ამასთან, რადიოს ცნობით, უკვე გაზიარებული რეკომენდაციების შესრულება საქართველომ შემდგომ 4 წელიწადში უნდა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე სულ 16 ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხი განიხილებოდა, რომელთა შორისაც საქართველო იყო.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი 2007 წელს შემუშავდა და ის მიზნად ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას ისახავს გაეროს წევრ 192 ქვეყანაში.