ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, ბერლინში :გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ბერლინში ვიზიტი. ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებებს სჭირდება უშუალო შეხვედრა, პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არამხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სანამ უვიზო მიმოსვლა არ დაგვიკარგავს „ქართული ოცნების“ ბრალეულობით საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ვხვდებით ადამიანებს, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ შორის გიორგი გახარიას.
ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელო - ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში საერთო კანდიდატები ეყოლება.
„ლელო - ძლიერ საქართველოს“ და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები“, - განაცხადა მან.