საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოგანეს ოგანესიანი, არმენ სარქისიანი და კარენ კარაპეტიანი თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტებში, რომლებშიც საქონლის შეძენა პლასტიკური ბარათის გამოყენებითაა შესაძლებელი მათ ხელთ არსებული უცხოური ბანკების ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს და პორტატულ კომპიუტერებს ყიდულობდნენ.
"2011 წლის 25 იანვარს, ოგანეს ოგანესიანი, არმენ სარქისიანი და კარენ კარაპეტიანი სომხეთის რესპუბლიკიდან, ამავე ქვეყნის მოქალაქე სედრაკ მამიანის კუთვნილი მანქანით, გამოემგზავრნენ საქართველოში, რათა მათ ხელთ არსებული ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით სხვადასხვა მაღაზიებიდან შეეძინათ ძვირადღირებული ნივთები", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს პირადი ჩხრეკის შედეგად უცხოეთის ბანკების ყალბი პლასტიკური ბარათები აღმოაჩნდათ, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ნივთები (მობილური ტელეფონები და პორტატული კომპიუტერი).
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 210-ე მუხლით. დანაშაული თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.