უკრაინა რუსეთისგან ელოდება პასუხს წინადადებაზე, აგვისტოს ბოლომდე მაღალი დონის შეხვედრის შესახებ, რომლის აუცილებელი პირობაა ევროპელი წარმომადგენლების დასწრება.
აღნიშნული საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
აღნიშნულია, რომ უკრაინის მეთაურმა სტამბოლში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ, ტყვეების ახალ გაცვლაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ.
„უკრაინა ელოდება რუსეთის პასუხს წინადადებაზე აგვისტოს ბოლომდე შეხვედრის გამართვის შესახებ.
„უკრაინასა და საფრანგეთს საერთო პოზიცია აქვთ: მას ევროპის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. ლიდერებმა SAMP/T-სა და Crotale-ს ტიპის სისტემებისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდებაზე იმსჯელეს.
ასევე საუბარი შეეხო ყველა ტიპის უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსებას. აღნიშნულია, რომ მაკრონმა დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინელი პილოტების მომზადება Mirage-ის თვითმფრინავებზე. ზელენსკიმ აღნიშნა საფრანგეთის მიერ წვრთნების გაგრძელების და მომზადებული პილოტების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გზა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში პირველი მოლაპარაკების კლასტერის გასახსნელად ერთად იმუშავებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სინქრონულად განაგრძონ მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.