მომაკვდავ დედას მოპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ დღეს დასკვნით პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
"აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც ციხეში ჩამსვეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ეს არის მათივე ნათქვამი და მრავალჯერ აქვთ პირადად ნათქვამი ჩემთვის პოლიციელებს. ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე, "გირჩის" ფასადზე იყო წარწერები, პლაკატები, ცილისწამება. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური ჩადების საქმე, რაშიც დახელოვნებულები არიან. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სავიზიტო ბარათი. ამაზე მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები..." - განაცხადა ახობაძემ.
ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე რომელ ტყეშელაშვილმა პატიმარს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ "სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ლაპარაკი მსგავსი კონტექსტით ამოეღო და შემდეგ გაეგრძელებინა".
რაზეც გიორგი ახობაძემ უპასუხა, რომ "ეს ფაქტია".
ახობაძემ საბოლოო სიტყვის დროს მოქალაქეებს მიმართა და ბრძოლისკენ მოუწოდა.
„მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ჩემი ეს მოწოდება მზია ამაღლობელის სიტყვებით დავასრულო: იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. ეს ის სიტყვებია, რომლებიც სულ ყურში მესმის და ის შინაარსია, რომელზეც წლებია, ვსაუბრობ.
მტერი და საფრთხე კარგად შეფუთულია, ჰიბრიდულია და ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი. ზუსტად ამიტომ არის მზიას ეს ფრაზა განსაკუთრებული. თუ ჩვენ დავაგვიანეთ, შედეგი იქნება დრამატული და რთულად გამოსასწორებელი, ამიტომ კიდევ ერთხელ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, სანამ გვიანი არ არის. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ...
ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში. ჩემი ბრძოლა 20 კვადრატულ საკანში ვერ ეტევა და ეგაა ჩემი დისკომფორტი. ამათ ჰგონიათ, თავისუფლება შემიზღუდეს, არადა მხოლოდ ბრძოლის ველი დამიპატარავეს. ჩემს თავისუფლებას ვერც ვერავინ შემიზღუდავს და ვერც ვერავინ წამართმევს.
მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი, ჰგონიათ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი," - განაცხადა გიორგი ახობაძემ "ტვ პირველის" თანახმად.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.