30 სექტემბრის დილით დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რის შემდეგაც ანენია-ნოის რაიონის სოფელ ჰირბოვაცის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავარდა და აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოლდოვის პოლიციაში ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:40 საათზე შევიდა. სამართალდამცველებს აცნობეს, რომ ქალაქ ბენდერის თავზე, დაბალ სიმაღლეზე, დრონი შენიშნეს.
მოგვიანებით დრონი ჰირბოვაცის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავარდა და აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და ეროვნული არმიის სპეციალიზებული ჯგუფები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია და ექსპერტები აფეთქებული ობიექტის შეისწავლიან, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დადგინდეს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:43 საათზე გადაკვეთა. უწყების განცხადებით, საჰაერო ოპერაციების სამსახური ქვეყნის საჰაერო სივრცეს შესაბამის უწყებებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით აკვირდება.