დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკის აეროპორტშიდაეშვა. ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, თვითმფრინავში საგანგებო ვითარება პილოტებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.
რეისმა საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გადასცა, რის შემდეგაც თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა თვითმფრინავი გაეტაცებინათ. ინციდენტის გამო ისრაელმა სამხედრო ავიაცია ააფრინა და ქვეყნის უსაფრთხოების ხელმძღვანელობამ ვითარების შეფასება დაიწყო.
მოგვიანებით ისრაელის უსაფრთხოების წყაროებმა განაცხადეს, რომ გატაცების საფრთხე არ არსებობდა და საგანგებო ვითარების მიზეზი ბორტზე მყოფ ორ პილოტს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო. თვითმფრინავი ტაბუკში უსაფრთხოდ დაეშვა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.
The Times of Israel-ის ცნობით, თვითმფრინავმა გადასცა „უკანონო ჩარევის“ სიგნალი, რის გამოც ინციდენტი თავდაპირველად შესაძლო გატაცებად განიხილებოდა.
AP-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ტაბუკში დაეშვა აეროპორტში, რომელიც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება.