„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რაში უნდა გამოიხატებოდეს პოლიტიკური ერთობა.
ჯაფარიძე რამდენიმე პუნქტს ასახელებს და აცხადებს, რომ არ ესმის, რატომ არის წარმოუდგენელი ამის გაკეთება.
“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა (კვლევებში ამოვიდა, რომ ხალხი ითხოვს თურმე), ოღონდ ლაპარაკის იქეთ, ან წარმოდგენა არ აქვთ, რაში უნდა გამოიხატოს (გარდა იმისა, რაშიც უკვე ჩანს, მაგალითად - გარეთ ერთად მუშაობა) ან თვითონ როგორც წარმოუდგენიათ, იმას აწვებიან და სხვებს მოუწოდებენ, შემოგვიერთდითო (მაგალითად, “მე ვაპირებ საკრებულოს ადგილებისთვის ჩალიჩს და მოდი, ერთად ვიჩალიჩოთ”).
რაში უნდა გამოიხატოს სინამდვილეში ერთობა (ეს გასაკეთებელი იყო 2024-ის არჩევნებამდე, მაგრამ არ გამოვიდა).
განსაკუთრებით წინააღმდეგნი ისინი იყვნენ, ვინც ახლა იძახის - ჩვენ ყოველთვის ერთობის მომხრე ვიყავითო,
ისევ “ლენონის ხერხს” მივმართავ:
1.წარმოიდგინეთ, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უარს ამბობს თავის სახელზე, ნომერზე, ფერზე, პარტიულ PR-ზე, საკუთარი ლიდერების ქება-დიდებაზე, ყველანაირ ტ….ის თამაშზე მოკლედ და ერთიანდება ერთი ბრენდის ქვეშ, მაგ: დემოკრატიული ძალები ან დემოკრატიული ალტერნატივა ან რამე ამდაგვარი.
წარმოიდგინეთ, რომ კვლევებში იზომება არა 4 კოალიცია ან 12 პარტია რუსქოცების წინააღმდეგ, არამედ ერთი დიდი კოალიცია VS რუსქოცები.
წარმოიდგინეთ, რომ კვლევებში ამოდის არა:
რუსქოცები - 35%,
კოალიცია 1 - 18%,
კოალიცია 2 - 17%,
კოალიცია 3 - 10%
არამედ (პირობითად):
დემოკრატიული ძალები - 55%;
რუსქოცები - 35%;
და ეს ხდება რეგულარულად, ყველა კვლევაში, გარდა GORBI-სა.
როდის უფრო მოხდება აქეთ მხარეს შიშის დაძლევა?
როდის უფრო მოხდება აქეთ მხარეს კონსოლიდაცია?
როდის უფრო შეშინდებიან რუსქოცები?
როდის უფრო გაჩნდება იქეთ მხარეს ბზარები?
როდის უფრო დაფიქრდება ნებისმიერი პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე ჩაიდინოს თუ არა მორიგი უკანონობა?
როდის უფრო დაიწყებენ იქედან აქეთ ხტუნაობა?
როდოს უფრო დაიწყებენ იქეთ შიგნით ერთმანეთის ჭამას?
4 წელია მესმის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და არ მესმის რატომ. მეგონა დაჭერები გამოაფხიზლებდა ხალხს, მაგრამ ახლა პარტიების და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის იმედი დამრჩა.
2.წარმოიდგინეთ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, საჯარო ერთობაა ყველასი, ვინც რეჟიმს უპირისპირდება.
ყველანი ერთად ვართ, ერთიან საჯარო ბაზაში, სადაც ვხედავთ ერთმანეთს, ვხედავთ რაოდენობას, ვხედავთ - როგორ ვიზრდებით.
როდის უფრო უკეთ დავინახავთ, რომ 2-ჯერ მეტნი ვართ რეალურ დროში, ასე თუ თვეში ერთხელ რუსთაველზე დიდი შეკრებებით?
როდის უფრო უკეთ დავინახავთ, რომ ჩვენ ვიზრდებით და ისინი იკლებენ?
როდის უფრო დავინახავთ, ვინ არის შეშინებული და ვერ ბედავს საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას, რომ მასთან ვიმუშაოთ?
როდის უფრო დაინახავენ შეშინებულები, რომ ბევრნი ვართ და დაძლევენ შიშს?
როდის უფრო გავაჩენთ ბზარებს იქეთ ფლანგზე?
3.წარმოიდგინეთ, რომ ხალხი, ვინც ამ საჯარო ბაზაში იქნება რეალურ დროში, საჯაროდ იღებს ყველა გადაწყვეტილებას.
კენჭისყრით ისინი წყვეტენ: ვინ იქნებიან ამ დიდი ერთობის სპიკერები/ლიდერები, როგორი აქცია უნდათ, სად და როდის, რომელი რუსქოცური “ბიზნესი” დააბოიკოტონ, ვინ და როგორ გააშავონ ონლაინ და ა.შ
და როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით და მივაღწევთ ახალ არჩევნებს, ეს ხალხი წყვეტს როგორი იქნება ერთიანი სია, ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი და სხვა (თუ ისე ჩამოიშალნენ, რომ ბიძინა მოსკოვში გაიქცა და ქოცნება საერთოდ გაქრა, მაშინ [იგ.არ ვიცი], არ იქნება საჭირო)
როდის უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება პროცესში, როცა მაყურებლის როლში არიან, თუ როცა გადაწყვეტილებებს იღებენ?
უფრო მეტი ადამიანი როდის გამოვა პროტესტზე, როცა ამ პროტესტის ყველა ატრიბუტი რაღაც ჯგუფმა მოიფიქრა, თუ როცა ხალხმა თვითონ გადაწყვიტა უმრავლესობით?
როდის უფრო გადმოვლენ აქეთ ქოცები, როცა დაინახავენ რომ აქეთ რეალური დემოკრატიაა და იქეთ მონობა, თუ როცა ამ მხრივ განსხვავებას ვერ ხედავენ?
როდის უფრო მეტი იქნება გარედან მხარდაჭერა, როცა ჩვენი მეგობრები დაინახავენ, რომ აქეთ ნამდვილი შიდა დემოკრატია გვაქვს თუ როცა 37 ადამიანს ელაპარაკებიან და შეხვედრების წინ 3 ტომეული უნდა წაიკითხონ, რომ გაერკვნენ ვინ ვინაა??
ესაა ერთობა. ეს იგულისხმება, თუ ვინმეს კიდევ არ ესმის. ამის გაკეთებას სჭირდება:
ა. პირადი და პარტიული ამბიციების ჩაკეტვა (ყველას ბევრი გვაქვს ჩადებული საკუთარ პარტიებში, მე სახელში მიწერია ჩემი პარტიის სახელი, მაგრამ ეს სხვა ბრძოლაა ახლა)
ბ. ნამდვილი რწმენა დემოკრატიის (როგორი ნაკლოვანიც არ უნდა იყოს დემოკრატია)
გ. სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა + ამის გამბედაობა, სულ რომ პოლიტიკური თუ სოციალური სიკვდილით დასრულდეს ეს ამბავი რომელიმე ჩვენგანისთვის.
დ. ტ…ის თამაშის დასრულება (როგორიცაა მაგალითად: “ჩვენ არ ვართ რევოლუციური პარტია”. რომ აგკრძალავენ ცოტა ხანში, მერე რას შვრებით? სახლში მიდიხართ? თუ მერე გახდებით რევოლუციური, რადგან სხვა გზა აღარ გექნებათ?)
რაც არ მინდოდა ეს იყო, რომ ციხიდან “სიბრძნეები” მეფრქვია, მაგრამ სხვა “საქმე” აქ არ მაქვს, ამიტომ მაპატიეთ ეს ტვინის ....“, - წერს ჯაფარიძე.