საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას დებატების ფორმატში ითხოვს.
"პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ ნორმალური ტრადიცია ჩამოყალიბდა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი თავის პოლიტიკურ ოპოზიციას უსმენს და შემდეგ მას ეძლევა საშუალება, რომ გამოხატოს თავის დამოკიდებულება", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა თარგამაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მზადაა დებატების ფორმატზე დამატებითი კონსულატაციებისთვის, რაზეც თანხმობა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც განაცხადა.
"როგორც იცით, რამდენიმე სხვადასხვა ფორმა არსებობს. პრეზიდენტის გამოსვლას არეგულირებს რეგლამენტის 194 მუხლი. გამომსვლელთა რაოდენობა და ფორმატი ძალიან შეზღუდულია. შარშან გავაკეთეთ გამონაკლისი და წავედით პოლიტიკური დებატების გზით, რამაც საშუალება მოგვცა ბევრად მეტი გამომსვლელი ყოფილიყო, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც არ არიან გაწევრიანებულები არც უმცირესობაში და არც უმრავლესობაში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, იგი მზადაა, ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციასთან და დაინტერესებულ პირებთან პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე იმსჯელოს.
"მზად ვართ, ერთად ვიმსჯელოთ და მოვიფიქროთ, რა ფორმატით უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომ მაქსიმალურად იყოს პოლიტიკური დეპატები. ეს შედის ჩვენს, პარლამენტის ხელმძღვანელობის ინტერესშიც, ასევე უმცერესობის და უმრავლესობის ინტერესებშიც, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ სრულფასოვანი დისკუსია გაიმართოს", - აღნიშნა ბაქრაძემ.