თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
სხდომაზე ბრალდების მხარემ 30 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ადვოკატმა ლალი აფციაურმა სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადებაც წარმოადგინა, სადაც ისინი ალექსი ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა მის ინტერესებშიც შედის.
ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.