მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ნარკო-შემოწმებაზე გადაყვანის თაობაზე.
ხოშტარიას შეფასებით, ეს ყველაფერი „ყალბი და რუსულია“
„მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები, რომლებიც მათ შორის ნარკოტიკების და ხშირად მომაკვდინებელი შხამების გავრცელებაზე მდიდრდებიან, გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით.
ისეთივე ყალბი და რუსულია ეს ყველაფერი, როგორც ყველა სხვა ინიციატივა. უბრალოდ მასობრივად შეუქმნის ადამიანებს საფრთხეს, მათაც, ვისაც ახლა ჰგონია, რომ პოლიტიკისგან შორს არის", - წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, „ლელოში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს. მათი ცნობით, დაკავებულები არიან ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ლევან ჯორბენაძე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ირაკლი კუპრაძემაც. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას ერთდროულად დააკავეს.