"ქართული დასი" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპატრულო პოლიციის ადგილობრივ თვითმმართველობების დაქვემდებარებაში გადასვლას ითხოვს.
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია, კერძოდ კი სამინისტროს უშიშროების სამსახური და საპატრულო პოლიცია უნდა გამოეყოს. ეს უკანასკნელი კი თვითმართველობების დაფინანსებაზე უნდა გადავიდეს და შესაბამისად მათ დაქვემდებარებაში იყოს", - განმარტა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, "ქართულმა დასმა" აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მოამზადა და პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ამასთან, "ქართული დასი" სასამართლო რეფორმასა და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხების გადახედვას მოითხოვს და ხელისუფლებას პარტიის მიერ მომზადებულ გეგმაზე მუშაობის დაწყებას სთავაზობს.