აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ: დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.
დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.
მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებსა და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკა-ს მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.
სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახან განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.
საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.
ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ეხება USAID-ს პროგრამის ოფიციალურად დასრულებას, ნათქვამია: „უამრავი არასამთავრობოს აღმასრულებელი პირები ამერიკელი გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრებით ტკბებოდნენ, ისინი კი, ვისაც უნდა დახმარებოდნენ, უფრო უკან წავიდნენ“.