აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგებით, რომლის დროსაც მან ვერ მიაღწია რაიმე პროგრესს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების საკითხში.
ამის შესახებ ტრამპი ვაშინგტონში „ენდრიუს“ ავიაბაზაზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
„გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე. ამით კმაყოფილი არ ვარ. არა, დღეს მასთან [პუტინთან] საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია“, - უპასუხა მან ჟურნალისტებს.
ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას იარაღს აწვდის.
„ჩვენ ვაწვდით იარაღს უკრაინას. ვმუშაობთ მათთან, ვცდილობთ, დავეხმაროთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.