იურდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადნისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა“ გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს.
მისივე თქმით, შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.