ახლა ასეთი სიტუაციაა, "საქოცეთმა" ერთმანეთის დაჭმა დაიწყო... წარმოიდგინეთ, თქვენ რას გიზამენ, - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელმაც სახაზინო ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არც ბრალდებული 11 პირის მოთხოვნა გაითვალისწინა.
ცხადაძემ გალუსტაშვილს უთხრა, რომ პროცესებს თავს ვერ ართმევს.
თქვენ ყველაზე პირნათლად შეასრულეთ კეთილი ადამიანის როლი აქამდე და ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, ზემოდან გვიყურებთ და „მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ - არავინო“ - ასე გვიყურებთ.
რაღაცას გვეტყვით, რომ ასე უნდა იყოს და ასე უნდა იყოს. არც გვისაბუთებთ. გეუბნებით, რომ იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით და აგვიხსენით-თქო და მუხლებს... ადვოკატმა [რეზო აჭარაძემ] გითხრათ, წინა სასამართლოს დღეზე და დღევანდელზე არ ჩანიშნოთო და ეს დღე და ის დღე გავიდა ტყუილად. ადვოკატი გეუბნებათ, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც უნდა წუთ-ნახევარი. იმის შემდეგ გავიდა 2 საათი.
ჩემი აზრით, ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს და ეს მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ელემენტარულს ამბობდა ადამიანი, რომ უნდა იცოდნენ ბრალდებულებმა, აქ დამსწრეებმა, გარეთ ვინც არიან... დამიჯერეთ, ჩვენ რამდენი გულშემატკივარიც გვყავს გარეთ, თქვენ შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ.
ერთ რაღაცას გეტყვით, მართალ ადამიანებს არ სჭირდებათ 20 წლის ადამიანების ციხეში ჩასმა არაფრის გამო. მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, აუხსნიან და ის 20 წლის ბავშვი გააგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამას მარტო თქვენზე არ ვამბობ, მთელი საქოცეთი, კობახიძე და სხვები ჭკუას რომ გვასწავლიან, როგორ შეიძლება, ქვეყნის პრემიერი ამბობდეს, რომ მართალი ვარ და ამ დროს გიწევდეს 20 წლის ბავშვის...
ერთს გირჩევთ, ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს. წარმოიდგინეთ ხოლმე, აქედან რომ გახვალთ, თქვენ რას გიზამენ, როცა ამის დრო მოვა.
ჩემი შეფასებაა, რომ ეს ყველაფერი არის ფილმი. აქ რაღაც გაძევება, მერე მანდატურები დაემატნენ, მე დასასრული მაინტერესებს, როგორი იქნება“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ცნობისთვის, წინა სხდომაზე, 24 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილებას, როგორც ბრალდებულების, ისე მათი ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.