მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.
„დღემდე არსებული ინფორმაციით, მათი მხრიდან სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, თუმცა საკითხი კომიტეტის მიერ გადამოწმდება. კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირის შემოწმება მოხდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა. დასკვნა იმის მიხედვით მომზადება, რა მოკვლევის შედეგებიც გვექნება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ XI პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს. ამასთან, მათ სხვა პარტიებისგან განსხვავებით სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერიათ და არც საარჩევნო სია „ჩაუხსნიათ“.