ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე მთავრობას მახათას მთაზე მიმდინარე ივერიის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისადმი სათანადო ყურადღებასა და შესაბამისი ინფორმაციის ხალხამდე მიტანაში დახმარებას სთხოვს.
ამ მიზნით, ბურჭულაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას საპატიო სტუმრის რანგში ესწრება და მინისტრთა კაბინეტს სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის.
"ბატონმა ნიკამ მომცა საშუალება, მახათას მთაზე მიმდინარე სამონასტრო მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს ინფორმაცია მივაწოდო. ჩემი გამოსვლა 10 წუთიანი იქნება და მთავრობის წევრებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ ამ მშენებლობას და დაგვეხმარონ, რომ ინფორმაცია ხალხამდე მივიტანოთ", - განუცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე ივერიის სამონასტრო კომპლექსი შემოწირულობების ხარჯზე აიგება. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასიდან შესაბამის ანგარიშზე 1 ლარი გადარიცხონ.
მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში იწყება.