ეგვიპტიდან საქართველოს მოქალაქეების დროულად ტრასნპორტირების მიზნით შესაძლოა დამატებითი ავიარეისები დაინიშნოს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია ქაიროდან ჯერ არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია, თუმცა ყველა სამზადისი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მათი სამშობლოში სწრაფად დაბრუნება მოხდეს.
"შესაძლოა საქართველოს მხრიდან დამატებითი რეისები დაინიშნოს. შესაბამისად ვისაც სურვილი აქვს სამშობლოში სწრაფად დაბრუნდეს ამას შეძლებს თუმცა ჩვენი ინფორმაციით ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს საკუთარი მოქალაქეების ქაიროდან ევაკუაცია გამოცხადებული" ,- განაცხადა კალანმდაძემ და აქვე ქაიროში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავი შეიკავონ და ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ წესებსა და ზომებს დაემორჩილონ.
გარდა ამისა, კანლანდაძე ეგვიპტეში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს იმ მოქალაქეებსაც რომლებსაც ქაიროში გამგზავრება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
"საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ეგვიპტეში გამგზავრებას ფიქრობენ გვინდა მოუწოდოთ რომ თავი შეიკავონ ქაიროში ჩასვლისგან და დაგეგმილი მოგზარურობა გადადონ, რადგან გაურკვეველია კიდევ რამდენ ხანს გასტანს იქ არეულობა", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მან სს სამინისტროს სახელით მწუხარება გამოხატა ეგვიპტეში მიმდინარე არეულობისას მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება და დემონსტრანტები საერთო ენას გამონახავენ და ვითარება განიმუხტება. რაც შეეხება სს სამინისტროში გუშინ ამოქმედებულ ცხელ ხაზს, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს ქაიროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლია, ამ დროისთვის "ძალიან ბევრი ზარია" შესული.
"ცხელი ხაზი ამოქმედებულია. ძალიან ბევრი ზარი შემოდის და სამწუხაროდ არ არის გამორიცხული რომ ტექნკურ შეფერხებებს ჰქონდეს ადგილი. ვინაიდან, ბევრი ამბობს, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლებელია", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხელი ხაზის ნომერი რომელზეც მოქალაქეებს ქაიროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ 94 50 00-ია.