გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ქაღალდის მეორადი გადამუშავების ქარხნის დირექტორებს შეხვდა და სამინისტროს ახალი ინიციატივა - „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!" გააცნო.
„სამინისტრო გამოდის ინიციატივით და მოუწოდებს საჯარო და კერძო დაწესებულებებს, დავიწყოთ მაკულატურის შეგროვება და ჩაბარება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მეორადი დანიშნულებით გამოყენება შეუძლიათ. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც იყენებენ ქაღალდს. მათთან შეხვედრის და კონსულტაციების შედეგად, დავადგინეთ, რომ მოთხოვნა მიწოდებაზე ბევრად უფრო მაღალია, ამიტომაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, მოვუწოდოთ კერძო, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოუერთდნენ ინიციატივას, მოგვაწოდონ ინფორმაცია თავისი ორგანიზაციების შესახებ როგორც მიმწოდებლებმა ასევე საწარმოებმა სამინისტროსი ცხელი ხაზის „070"-ის საშუალებით,"- განაცხადა გიორგი ზედგინიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, საზოგადოებას აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ.
ზედგენიძის თქმით, მაკულატურის უტილიზაციას და გადამუშავებას დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. მეცნიერების გამოთვლით, 1 ტონა მაკულატურით 5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.
„ჩვენ მაკულატურისგან ვამზადებთ მეორადი გამოყენების ქაღალდს. ამ ეტაპზე ნედლეული ცოტა გვაქვს და ძალიან გვჭირდება. დახმარება, რომელიც ამ მიმართულებით გარემოს დაცვის სამინისტრომ გაგვიწია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - ქარხნის დირექტორმა ლელა ჩიტაძემ.
ინიციატივა „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!" ემსახურება საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას, გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პროპაგანდას. ასევე, სამთავრობო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოსახლეობის ძალისხმევის გაერთიანებას გარემოს დაცვისთვის.
დღესვე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ქაღალდის მეორად გადამამმუშავებელ ქარხანას 500 კილომდე მაკულატურა ჩააბარა.