ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს.
„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი.
მანამდე დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით".
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.