საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის შვიდი ქუჩისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილმა განაცხადა, ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე ბულაჩაურის ქუჩას ამიერიდან ანა კალანდაძის სახელი მიენიჭება, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ბორჯომის ქუჩას მურმან ლებანიძის სახელი ეწოდა.
ვერაზე, ფიქრის გორაზე მდებარე ყოფილ ანანურის ქუჩას რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილოს სახელი დაერქვა. ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას კი ფოლკლორისტ შალვა ჯაფარიძის ქუჩა ეწოდა.
გარდა ამისა, თბილისთან ახლადშემოერთებულ დიდგორის რაიონში, შინდისში მდებარე სამ უსახელო ქუჩას ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელები მიენიჭა.
როგორც ლაშა იმედაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ვერაზე მდებარე ერთ-ერთი ქუჩა ვერიკო ანჯაფარიძის სახელს ატარებდა, მეორე ქუჩა_სოფიკო ჭიაურელის გახლდათ, ხოლო ამჟამად მესამე ქუჩას მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიანიჭეს, რაც ერთგვარ ანსამბლურობას შექმნის.