თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ავარიული შენობების გამაგრების პროგრამის 665.900 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა გობეჯიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ავარიული შენობების გამაგრების ხარჯების გაზრდა თბილისის ექვსი რაიონის გამგეობის ბიუჯეტის შემცირების ხარჯზე მოხდა.
გობეჯიშვილი განმარტავს, რომ გლდანის რაიონის ასიგნებებს აკლდება 160.900 ლარი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას_53. 000 ლარი, ვაკე-საბურთალოს გამგეობას_180 600 ლარი, ისანი-სამგორის გამგეობას-84.100 ლარი, ძველი თბილისის რაიონის გამგეობას _164.900 ლარი, ხოლო დიდგორის რაიონის ბიუჯეტს_ 22.400 ლარი. შესაბამისად, მათი ჯამი არის 665.900 ლარი, რა თანხითაც იზრდება ავარიული შენობებისა და სხვა ნაგებობების გამაგრების პროგრამა.
გობეჯიშვილის თქმით, 665.900 ლარი ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიის შედეგია.