დღეს პარლამენტის წინ დევნილთა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. დევნილები კვლავაც მათი გასახლების შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას განაცხადა, დევნილებმა მათი გასახლების შესახებ უკვე აცნობეს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს.
"გერმანიის საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით უკვე 150-მა დევნილმა მიმართა, ამდენივე დევნილმა საფრანგეთის საელჩოსაც სთხოვა თავშესაფარი. 200-300 დევნილი კი უახლოეს ხანში ამერიკის საელჩოსაც მიმართავს,"_აღნიშნა მალაზონიამ.
ამასთან, დევნილები გრანდიოზული საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რომლის თარიღიც ჯერ დაზუსტებული არაა. მანამდე კი ოთხშაბათს, 14.00 საათზე პარლამენტის წინ დევნილთა სამოქალაქო კომიტეტი მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.