დღეს 18.00 საათზე გაიმართება საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატები 20 საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საკრებულოს პრესსამსახურში აცნობეს. მათი თქმით, დეპუტატები შვიდი ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.
ბულაჩაურისა და ბორჯომის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და მათთვის მურმან ლებანიძისა და ანა კალანდაძის სახელების მინიჭების ინიციატივით საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას აღნიშნული ქუჩების მოსახლეობამ მიმართა. ხოლო ანანურის ქუჩისთვის რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელის დარქმევის იდეა კონომსახიობთა თეატრის დასს ეკუთვნის.
ამასთან, კომისია საკრებულოს სხდომაზე შინდისის სამი ქუჩისთვის ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელწოდების მინიჭების ინიციატივითაც შემოვა.
ცნობისთვის, დედაქალაქისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების აუცილებლობა შინდისის, წავკისისა და ტაბახმელის შემოერთებით იქნა გამოწვეული.
წარმოდგენილი საკითხები უკვე განიხილა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ.