ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პიტერ სემნები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს იუსი სარესალოსს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა დახურული და არაოფიციალური იყო.
პიტერ სემნებმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში თავის მიერ სოხუმში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრსა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მისივე თქმით, საუბრის ძირითადი თემა ჯანდაცვისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები იყო. პიტერ სემნებმა ასევე აღნიშნა, რომ მან ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ომიდან ორი წლის შემდეგაც დევნილთა დაბრუნების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და მისი გადაწყვეტა არ დაწყებულა.
"სოხუმში მე მქონდა შეხვედრები დე-ფაქტო პრემიერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. განხილვის ძირითადი საკითხი იყო ჯანდაცვა, რაც აფხაზებსაც ძალიან აწუხებთ. ასევე დევნილთა მდგომარეობა. მე გამოვთქვი ევროკავშირის სახელით შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ომის შემდეგ საკუთარ სახლებში დევნილთა ძალიან მცირე ნაწილი დაბრუნდა. ვიმსჯელეთ სწორედ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი", _ განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში და აღნიშნა, რომ - "რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებს, მთავრობისგან მოვისმენ თუ რა კეთდება იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან მიმართებაში შეიმუშავა", _ განაცხადა სემნებმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პიტერ სემნები მეორე არაოფიციალურ შეხვედრაზე უკვე გაემგზავრა. იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში მისიის წარმომადგენლებს შეხვდება. ოფიციალურ შეხვედრას კი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში 16:00 საათისათვის გამართავს და იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დახურულ კარს მიღმა შეხვდება.