დღეს, 28 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო, პეროჟავრა კი ქართლის ერისთავის მეუღლე. მათ, დედოფლის პატივთან ერთად, "ტყვე ქალის", წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი. დედოფლებს "გამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მოღუაწისა და სნეულთა მკურნალისა". მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: "ვინა ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა, მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რასა იტყვ ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო?"
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთა სწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 28 (ძველი სტილით, 15) იანვარს წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.