საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისკენ მიმავალ მატარებელში ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ცხვირსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს.
ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებისგან“, - აღნიშნულია განცახდებაში.
მაკრონის ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს. პირველზე ასახულია მაგიდაზე ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე, რომელზეც ევროპული ქვეყნების ლიდერები ჩანან, ვკითხულობთ - „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, პაკეტი იდო თეთრი ფხვნილით. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ის საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს მშვიდობის პროცესის ჩაშლასა და ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
"მას შემდეგ, რაც ზელენსკის მორიგი ჯოჯოხეთური ინტრიგისკენ უბიძგეს, რომელიც ევროპაში სისხლისღვრის გაგრძელებასა და მშვიდობის პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად, როგორც ანეკდოტში, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი ჩასხდნენ მატარებელში და ჩაბერეს.
როგორც ჩანს, იმდენად, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე ნივთების (პაკეტისა და კოვზის) დამალვა ვერ მოასწრეს". - წერს ზახაროვა.